უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, ოლექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, ოდიდეს ოპერატიულ რაიონებში - კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და ხარკოვში ოკუპანტების თავდამსხმელი ჯგუფები ამოწურულია და ისინი თავდაცვაზე არიან გადასული.
"ადგილები, სადაც მტერი ტაქტიკურად წინსვლას ცდილობს, არის ვოლხანის რაიონი, სევეროდონეცკი, მარიუპოლი - ჩვენი ყველაზე მტკივნეული წერტილი. ამის შესახებ სარდლობამ იცის და შესაბამის ზომებს იღებს". - თქვა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, დადგა "სტრატეგიული შემობრუნების დრო", რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 11 მარტს ისაუბრა, თუმცა, მისივე სიტყვებით, "ეს არ არის ომის დასასრული".
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.





