რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

Eurosport

დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ის ერთ-ერთია ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ 7 რუს მილიარდერს შორის.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი და ოლეგ დერიპასკა. ორივე ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა. გასულ კვირას საფრანგეთმა სეჩინს იახტა ჩამოართვა.

რომან აბრამოვიჩი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ჩელსის მმართველობიდან გადადგა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ კლუბს ყიდდა და შემოსულ თანხას უკრაინაში ომით დაზარალებულებს გადარიცხვას აპირებდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, არ შეიძლება რომ მათთვის, ვინც უკრაინაში შეჭრას ხელი შეუწყო, "უსაფრთხო თავშესაფრები" არსებობდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები