უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თურქეთში ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია Unian-ი წერს, ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა კიევის დროით 10:00 საათზე დაიწყება.
10 მარტის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი გაიმართა - მხარეები მე-2 და მე-3 შეხვედრაზე ჰუმანიტარულ დერეფნებსა და მწვანე კორიდორებზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსი სამხედროები მწვანე კორიდორებს ბომბავენ, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მრავალჯერ შეწყდა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





