რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: აშშ-ს ელჩებს დაევალათ, მოუწოდონ ქვეყნებს, შეუერთდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ვიქტორია ნულანდი
Alex Wong/Getty Images

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, სანქციათა ეფექტურობისთვის ამერიკის ყველა ელჩს აქვს ინსტრუქცია, რომ მასპინძელი სახელმწიფო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის სანქციათა პაკეტს შეუერთდეს. ამის შესახებ ვიქტორია ნულანდიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხის განხილვისას ისაუბრა. 

"ჩვენს ყველა ელჩს აქვს ინსტრუქციები, რომ იმუშაონ მასპინძელი სახელმწიფოებთან, რათა მათი სანქციები შესაბამისობაში იყოს ამერიკის, ევროკავშირისა და სხვა მოკავშირეთა სანქციების პაკეტთან. შედეგად, რუსეთის მოქმედებათა დაგმობა მეტად ფართო მასშტაბიანი იყოს". - თქვა ნულანდიმ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები