ევროკავშირი

ბელგიაში თაღლითობის საქმეზე EU-ს ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი დააკავეს

blogs.ft.com

2 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ თაღლითობის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის მოქმედი მაღალი რანგის დიპლომატი, სტეფანო სანინო დააკავა.

ევროპის პროკურორის ოფისმა (EPPO) განაცხადა, რომ გამოძიება ეხებოდა "ევროკავშირის დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას, რომელიც ახალგაზრდა დიპლომატებისთვის იყო განკუთვნილი".

გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში მდებარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში, ქალაქ ბრიუგეში მდებარე ელიტარულ უნივერსიტეტ ევროპის კოლეჯში და ეჭვმიტანილების სახლებში ჩხრეკები ჩატარდა.

მოგერინი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2014-2019 წლებში იყო. 2020 წელს ის ევროპის კოლეჯის რექტორი გახდა.

სანინო 2021-2024 წლებში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის უმაღლეს წევრად მუშაობდა, ხოლო ახლა ის ევროკომისიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორია, რომელიც შუა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აფრიკის ყურის მიმართულებაზე მუშაობს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ფოკუსირდება ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე, რომელიც ახალგაზრდა დიპლომატებისთვის ცხრა თვიან სასწავლო პროგრამას გულისხმობს. 2021-2022 წლებში კონკურსის შედეგად პროგრამის აღსრულების უფლება ევროპის კოლეჯს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ გადაეცა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიება ევროკავშირის ამჟამინდელ უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს არ ეხება.

კომენტარები