რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეწყვიტეთ ან დროებით შეაჩერეთ ოპერაციები რუსეთთან და რუსეთში – კულება გლობალურ ბიზნესებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოუწოდებს გლობალურ ბიზნესებს, შეწყვიტონ ან დროებით შეაჩერონ ოპერაციები რუსეთთან ან მის ტერიტორიაზე.

"უკრაინა სთხოვს ეთიკურად და სოციალურად პასუხისმგებელ გლობალურ ბიზნესებს, შეწყვიტონ ან დროებით შეაჩერონ ოპერაციები რუსეთთან ან მის ტერიტორიაზე და ამით უარი თქვან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ძალადობისა და მკვლელობის დაფინანსებაზე". – წერს კულება Twitter-ზე და ბიზნეს საზოგადოებისთვის მიმართვას ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები