რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განლაგებული სამხედრო ძალის 95% აამოქმედა

პენტაგონის შეფასებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი სამხედრო ძალის 95% აამოქმედა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარების სერიოზული წინსვლა არ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ 64 კილომეტრიანი კოლონა, რომელიც კიევს უახლოვდებოდა, კვლავ გაჩერებულია. არსებობს ვარაუდი, რომ კოლონა ტალახში ჩაეფლო და საწვავი გაუთავდა.

უწყების ცნობით, ოდესის რაიონში საზღვაო დესანტის გადასხმის ნიშნები არ ჩანს. პენტაგონი ასევე აღნიშნავს, რომ რუსულ საჰაერო ძალებს არ აქვთ კონტროლი უკრაინის საჰაერო სივრცეზე. უკრაინის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავს და აქტიურად გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაციაში ორივე მხარეს აქვს დანაკარგები.

პენტაგონის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600 რაკეტა გამოიყენა.

როგორც BBC-ი აღნიშნავს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში ბრიფინგი იმ პირობით გაიმართა, რომ პენტაგონის წარმომადგენლის ვინაობა დასახელებული არ იქნებოდა. გამოცემის ცნობით, ამ სახის ბრიფინგები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეგულარულად ტარდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები