რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთმა ROSNEFT-ის აღმასრულებელ დირექტორს იახტა ჩამოართვა

ვლადიმირ პუტინი და იგო სეჩინი
Alexei Druzhinin/TASS/Getty Images

საფრანგეთმა რუსეთის სამთავრობო ნავთობკომპანიის, Rosneft-ის აღმასრულებელ დირექტორს, იგორ სეჩინს იახტა ჩამოართვა. ინფორმაციას საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

"მადლობა საფრანგეთის სასაზღვრო სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებაზე მუშაობენ" - თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ.

იახტა,  სახელად ამორე ვერო (ჭეშმარიტი სიყვარული იტალიურ ენაზე) ხმელთაშუა ზღვის პორტ ლა სიოტატში 3 იანვარს შევიდა და პორტი პირველ აპრილს უნდა დაეტოვებინა.

ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსებისთვის ქონების ჩამორთმევისთვის.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები