ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. რეზოლუციას მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 13, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.
მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუტებს და კავშირის წევრ ქვეყნებს გაეგზავნებათ. დოკუმენტი ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





