რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ გაეროში 12 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და გააძევა

Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროში 12 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის მიზეზით ქვეყნიდან გააძევა.

გაეროში აშშ-ს მისიამ რუს დიპლომატებს დაზვერვის ოპერატორები უწოდეს, რომლებიც ჩართული იყვნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში. 

"ეს ნაბიჯი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა". – თქვა გაეროში აშშ-ს მისიის სპიკერმა. 

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ გაძევებულ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 7 მარტამდე სთხოვეს. მისივე თქმით, რუსეთი ამ ნაბიჯს დიპლომატიური პრაქტიკიდან გამომდინარე უპასუხებს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც. მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები