ევროკავშირმა მადრიდში არსებულ სატელიტურ ცენტრს უკრაინისთვის რუსეთის ჯარების გადაადგილებაზე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება დაავალა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს განზრახული აქვთ კიევს სამხედრო მხარდაჭერა გაუზარდონ. ბორელის თქმით, მართალია რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, ევროკავშირზეც ექნება გავლენა, მაგრამ ევროპა ამ ფასის გადახდისთვის მზად უნდა იყოს.
"მზად უნდა ვიყოთ ამ ფასის გადახდისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ეს გაცილებით უფრო ძვირი დაგვიჯდება. რუსეთთან ურთიერთობების განმსაზღვრელი ვაჭრობა აღარ იქნება." - თქვა ბორელმა.
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც. მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი.
- რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ
- რა არის SWIFT და რა გავლენა ექნება რუსეთის გარიცხვას საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკაზე
27 თებერვალს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





