რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.  

პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები გასული დღის განმავლობაში წინ 5 კილომეტრით წაივიდნენ და ახლა კიევიდან 25 კილომეტრის მოშორებით არიან. მათივე ცნობით, ფიქრობენ, რომ ოკუპანტები მომდევნო რამდენიმე დღეში შეეცდებიან, კიევს სხვადასხვა მიმართულებიდან ალყა შემოარტყან. 

მათივე თქმით, რუსების წინსვლა ორი მიზეზის - უკრაინელების მტკიცე წინააღმდეგობისა და თავად რუსების პრობლემების (მაგალითად, საწვავის ამოწურვის) გამო შეფერხდა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები