რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის არმია: ოკუპანტმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა ვერცერთი მიმართულებით

უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ განადგურებულ ჯავშანტექნიკას, ხარკოვი, 2022 წლის 27 თებერვალი
AP News

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის აცხადებს, რომ რუსები "თავდასხმით პოტენციალს" კარგავენ. 

მათივე ცნობით, ოკუპანტმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა ვერცერთ მიმართულებაზე. 

ამასთანავე, გენშტაბი აცხადებს, რომ კიევთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. პალესიესთან მოწინააღმდეგე ცდილობს, აღადგინოს თავდასხმა კიევის მიმართულებით. 

"რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებენ ინფრასტრუქტურის განადგურებისა და სარაკეტო დარტყმების ტაქტიკას დასახლებულ პუნქტებში, უგულებელყოფენ რა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს". 

ამასთან, სამხედროების ცნობით, შავი ზღვის აკვატორიაში, ცუდი კლიმატური პირობების გამო, საზღვაო-სადესანტო ოპერაციის განხორციელება მომავალი დღის განმავლობაში ნაკლებ მოსალოდნელია. "შავი ზღვის ფლოტის ხომალდების უმრავლესობა რჩება ბაზაზე". 

"ყველა მიმართულებაზე უკრაინის სამხედრო ძალები არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ის დახმარებით ინარჩუნებენ გარკვეულ საზღვრებს". - აცხადებს გენშტაბი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები