რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის დუმაში საქართველოს მთავრობა სანქციებზე უარის გამო "პრაგმატიზმისთვის" შეაქეს

კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებთან მიერთებაზე უარის გამო აქებს. ინფორმაციას Gazeta.ru ავრცელებს. 

"ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პრაგმატიზმზე. მათ ესმით, რომ მათი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის სანქციების დაწესება იგივეა, რაც საკუთარი თავის დამატებითი შესაძლებლობების წართმევა".- ამბობს ზალუტინი

რუსული მედია სტატიას საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 28 თებერვლის განცხადებას ურთავს, სადაც ღარიბაშვილი კვლავ უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. 

"როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული და რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ეს ვის მოაკლდება, შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ შეძლებს ფულის გადმორიცხვას, ამიტომ, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ესაა საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების".- თქვა ღარიბაშვილმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ - საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება.

კომენტარები