რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს საჰაერო სივრცე საბერძნეთმაც ჩაუკეტა

საბერძნეთმა თავის საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის ოთხშაბათს დახურა

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ საჰაერო დირექტივა გამოსცა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოქმედებას იწყებს ორშაბათიდან, 2022 წლის 28 თებერვლიდან. 

რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება უკვე 20-მა ქვეყანამ მიიღო. ქვეყნებს შორის არიან: იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები