რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"კიევი იქნება ის პუნქტი, საიდანაც სახლში აღარ დაბრუნდებიან" – უკრაინის ეროვნული გვარდია

კიევი. 24 თებერვალი, 2022 წელი
REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის პრესსპიკერის, ხარიტონ სტარსკის ცნობით, 27 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსული ძალები კიევის სვიატოშინსკის რაიონში შესვლას ცდილობენ. მოსახლეობას ურჩევენ, ქუჩებში არ გამოვიდნენ.

"27 თებერვლის 10:40 მდგომარეობით, პრიპრენის და ბუჩის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა ოკუპანტებთან. იქ მუშაობს ტექნიკა. აღწევენ სვიატოშინკის რაიონში. ეს ირპენსკის მიმართულებაა, მაგრამ მათ "დასახვედრად" ემზადებიან. ძალიან დიდი დაჯგუფება გვაქვს კიევში ოკუპანტების შესახვედრად. [..] ვფიქრობ, რომ კიევი გახდება დანიშნულების ის პუნქტი, საიდანაც სახლში აღარ დაბრუნდებიან. მოსახლეობა არ უნდა გამოვიდეს ქუჩებში და, სასურველია, თავშესაფარში იყოს. მეტროს სადგურები და სარდაფები დღეს ყველაზე უსაფრთხო ადგილებია" - თქვა სტარსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები