რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუმში დაბომბვებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის გოგოა

სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქალაქ ახტირკაში დაბომბვებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის გოგონაა. 

ასევე, უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ძლიერი სროლისა და შეტაკების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს

ოხმატდიტის საავადმყოფოს ექიმის თქმით, დაშავებულთა შორის 2 მოზარდი და 3 ზრდასრულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები