რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: წინააღმდეგობის და მწვავე ლოგისტიკური სირთულეების გამო რუსეთის შეჭრა შენელდა

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

დიდი ბრიტანეთს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრა დროებით შენელდა.

უწყება თავდაცვის დაზვერვის მოპოვებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით:

  • რუსეთის შეჭრის სიჩქარე დროებით შენელდა, სავარაუდოდ, მწვავე ლოგისტიკური სირთულეებისა და უკრაინის წინააღმდეგობის შედეგად
  • რუსული ძალები გვერდს უვლიან დიდ დასახლებულ ცენტრებს, პარალელურად უკან ტოვებენ ნაწილებს მათ ალყაში და იზოლაციაში მოსაქცევად
  • კიევში ღამით შეტაკებებში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ შეზღუდული რაოდენობის, წინასწარი განლაგებული რუსული დივერსიული ჯგუფები
  • კიევის აღება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად რჩება

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთსა და კონკრეტულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები