რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობა: უკრაინელების დასახმარებლად მილიონ ლარს გამოვყოფთ

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად მილიონ ლარს გამოყოფენ, მათივე ცნობით, გამოყოფილი თანხით ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის. 

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას 25 თებერვალს თქვა, რომ თავიანთი "შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს" აკეთებენ, თუმცა ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ კიევში "ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემია" და ასევე არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომი თავიდან აცილებული ვერ იქნა და ამით ყველაზე მეტად ქვეყანა და ხალხი დაზარალდება.  

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საპასუდოს, პარლამენტთან 25 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის პოზიცია დაგმეს. აქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

"გასაოცარი ქართველი ერი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როცა ხალხი მთავრობა არ არის, არამედ მასზე უკეთესია". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები