რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

Getty Images

4 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების გაწევასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოიცავს, რაც რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევა, თუმცა, ახლა საჭიროა, რომ ამავე კანონპროექტს მხარი სენატმაც დაუჭიროს.

უკრაინის მხარდაჭერის აქტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 195 იყო. კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი გრეგორი მიკსია, რომელიც პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყველაზე გავლენიანი დემოკრატი წევრია. აქტი კენჭისყრაზე პეტიციის მეშვეობით გამოიტანეს, რაც ნიშნავს, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა კანონპროექტის მიღება ხელმძღვანელობის მხარდაჭერის გარეშე, უბრალო უმრავლესობით, შეძლეს. დემოკრატ კონგრესმენებთან ერთად კანონპროექტს მხარი კონგრესის 18-მა რესპუბლიკელმა და კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა წევრებმა დაუჭირეს. 

აქტი, სხვა პუნქტებთან ერთად, მოიცავს უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსების მიზნით $8 მილიარდის ოდენობის სესხების გამოყოფასა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) 2027 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას, რაც უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის კონტრაქტებისთვის, წვრთნებისთვისა და გრძელვადიანი დახმარებისთვის თანხების გამოყოფას უზრუნველყოფს. 

როგორც გამოცემა The Hill წერს, კანონპროექტის ტექსტი მოძველებულია, ვინაიდან USAI-ს დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე კონგრესმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების აქტის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყო, რაც $400 მილიონს შეადგენს. ამასთან, კანონპროექტი NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვის ვალდებულება აიღონ მაშინ, როცა 2025 წელს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მხრიდან წნეხი შედეგად, ალიანსის წევრების უმრავლესობამ თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვის პირობა დადო. 

"ნებისმიერი, ვინც ამ კანონპროექტს მხარს უჭერს, ამბობს, რომ უკრაინამ $100 მილიონით ნაკლები დაფინანსება უნდა მიიღოს და რომ NATO-ს ქვეყნებმა ეროვნულ თავდაცვაზე მშპ-ს 2% უნდა დახარჯონ, ვიდრე – 5%. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას." – განუცხადა გამოცემას რესპუბლიკური პარტიის გავლენიანმა წყარომ. 

ამის მიუხედავად, აქტის მომხრეები ამბობენ, რომ ტექსტში არსებული შეუსაბამობების გასწორება სენატს შეუძლია, თუმცა, The Hill-ის ცნობით, ამჯერად მცირეა მოლოდინი, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი, ტრამპს არ დაემორჩილება და უკრაინის დახმარების კანონპროექტს კენჭისყრაზე გამოიტანს. უმრავლესობის ლიდერის გვერდის ავლით კანონპროექტის მისაღებად კი 60 სენატორის ხმა იქნება საჭირო, რაც რთულად მისაღწევია.

The Hill-ის მიხედვით, უკრაინის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მიკსის კანონპროექტი აშშ-ს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალს უგზავნის უკრაინას მაშინ, როცა რუსეთი მათ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს აძლიერებს. 

კომენტარები