მურა დათვი

მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 5 ივნისს ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყოფა.

კვლევის მიზანია მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემების განახლება, დაზუსტება და ახალი, სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება წითელი ნუსხის უახლესი კრიტერიუმების შესაბამისად.

სამინისტროს განცხადებით, წითელი ნუსხის განახლება ყოველ 10 წელიწადში ხდება. მათივე განმარტებით, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მურა დათვის მონიტორინგი, თუმცა სახეობების საკონსერვაციო სტატუსის განახლებისა და პოპულაციის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევა და დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული სივრცის დაფარვაც.

ტენდერის თანახმად, კვლევის პროცესში მეთოდოლოგია ისე უნდა შეირჩეს, რომ მიღებული მონაცემები იყოს სარწმუნო და პასუხობდეს დავალების მიზანს.

კვლევის შედეგად უნდა მოხდეს:

  • პოპულაციის მდგომარეობის შეფასება;
  • IUCN-ის წითელი ნუსხის კრიტერიუმების მიხედვით საკონსერვაციო სტატუსების განახლება (გამოყენებული უნდა იქნას: “The Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria” version 16 (March 2024);
  • პოპულაციების ზომის, არეალის (EOO, AOO), ჰაბიტატის მდგომარეობისა და საფრთხეების ანალიზი;
  • ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება - გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება. საკონსერვაციო სტატუსის მინიჭებისთვის გამოყენებული უნდა იქნას IUCN-ის გაიდლაინების ბოლო ვერსია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ივნისს დასრულდება.

კომენტარები