პუტინის რუსეთი

რუსეთში მუშახელის დეფიციტის გამო ბავშვთა ომბუდსმენს სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევა სურს

Агентство «Москва»

რუსეთში მუშახელის დეფიციტის ფონზე მოსკოვის ბავშვთა უფლებების კომისარი, ოლგა იაროსლავსკაია, სკოლის მოსწავლეებისთვის საბჭოთა პერიოდის შრომითი ბანაკების პრაქტიკის დაბრუნებისა და არასრულწლოვანების დასაქმებაზე რეგულაციების შემსუბუქების წინადადებით გამოვიდა.

იაროვსლავსკაიას აზრით, საბჭოთა ბანაკების დაბრუნება უზრუნველყოფს, რომ ზაფხულის განმავლობაში ბავშვები და მოზარდები უსაქმურად არ იყვნენ, განსაკუთრებით ისინი, ვის მშობლებსაც შვილებისთვის "სამთვიანი ფიესტის" მოწყობა არ შეუძლიათ. 

რადიოსადგურ Говорит Москва-სთან ინტერვიუში ომბუდსმენმა ეკონომიკაში მუშახელის დეფიციტთან გამკლავების მიზნით მხარი დაუჭირა მცირეწლოვნების დასაქმებაზე რეგულაციების შემსუბუქებასაც.

იაროსლავსკაიას მიხედვით, არსებული კანონმდებლობა "ძალზე მკაცრად ზღუდავს დამსაქმებლებს" და მოზარდებისთვის სამუშაო შესაძლებლობების გაფართოებას აფერხებს. წარსულში ომბუდსმენი გამოდიოდა ინიციატივით, რომ 12 წელზე მეტი ასაკის მქონე მოზარდებს საზაფხულო არდადეგების დროს ოფიციალურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. 

ბანაკების დაბრუნებაზე საუბრისას იაროსლავსკაიამ საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა, როცა ის საბჭოთა შრომით და რეკრეაციულ ბანაკში მუშაობდა. "მეშვიდე კლასში ჩვენ ვოლგოგრადის ოლქში წაგვიყვანეს, 40-გრადუსიან სიცხეში მინდვრის შუაგულში პამიდვრებისგან სარეველების გამოხშირვის მიზნით. ჩვენ გადავრჩით და, უფრო მეტიც, სახლში 120 რუბლით დავბრუნდი. მჯერა, რომ შრომითი ბანაკების დაბრუნება რეალისტური სცენარია, რასაც ჩვენი შვილები მხარს დაუჭერენ." – თქვა მან. 

არსებული კანონმდებლობით რუსეთში ბავშვებს მუშაობა, მშობლების წერილობითი თანხმობით, 14 წლის ასაკიდან შეუძლიათ. მოზარდს დამსაქმებელთან დამოუკიდებლად კონტრაქტის დადება კი 15 წლიდან შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ მას ზოგადი განათლება აქვს მიღებული. 

ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთში მუშახელის დეფიციტი საკმაოდ სერიოზულია იმისთვის, რომ უკვე დასუსტებული ეკონომიკის მდგომარეობა კიდევ წლობით გაუარესდეს. გამოცემა Bloomberg-ის გათვლებით, ქვეყანას შრომითი ბაზრის დასაბალანსებლად დამატებით 1.5 მილიონი მუშახელი ესაჭიროება. ხოლო ინდუსტრიალისტებისა და ანტრეპრენერების რუსული კავშირის პროგნოზის მიხედვით, 2030 წლამდე დეფიციტი 3 მილიონ მუშახელამდე გაიზრდება. 

ამასთან, მუშახელის დეფიციტის ფონზე რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, Sberbank-ის დირექტორის მოადგილემ მოითხოვა, რომ რუსეთში უფრო მეტმა ინდოელმა მუშახელმა შეძლოს შესვლა, რათა მშენებლობის სექტორში ადამიანური კაპიტალის დეფიციტთან გამკლავება მოხდეს, რისთვისაც მან იმიგრაციის პროცესში დახმარების მიმართ მზადყოფნა გამოხატა. 

კომენტარები