რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარი უთხრა. ინფორმაციას NBC ავრცელებს.

გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღიარებს და იყენებს აგრესიის საბაბად.

აშშ-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას, არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.

"მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ასევე, მივესალმებით ყაზახეთის მიერ პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარის  თქმას". – წერია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.
 

კომენტარები