რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი მზადაა, მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის დელეგაცია გაგზავნოს

პუტინი მზადაა მინსკში უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის დელეგაცია გაგზავნოს. ინფორმაციას კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ავრცელებს.

"როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განხილვასთან დაკავშირებით. თავდაპირველად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობდა იმას, რომ ოპერაციის მიზანია დსრ-სა და ლსრ-ს დახმარება, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზების ჩათვლით. ეს კი, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია", – თქვა პესკოვმა.

"ამ კონტექსტში, ზელენსკის შეთავაზების პასუხად, პუტინი მზადაა მინსკში გაგზავნოს რუსული დელეგაცია თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დონეზე, უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისთვის", – დაამატა კრემლის სპიკერმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები