რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7 უკრაინაზე თავდასხმაზე: პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ომის გამოცხადების შესახებ და საერთო განცხადებაში წერენ, რომ პუტინმა თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა. 

ვირტუალურ შეხვედრის შემდეგ, რომელიც თეთრი სახლის ცნობით, ერთი საათისა და 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, საერთო განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინმა "ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა". 

"ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ჩვენი განმეორებითი შეთავაზებების მიუხედავად, მუდამ უარზეა, ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესებში, რათა ვუპასუხოთ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის NATO-სთან, ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ისევე, როგორც უკრაინასთან. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობა". – წერია განცხადებაში. 

ვირტუალურ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები