რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლაპიდი: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საერთაშორისო წესრიგის მძიმე დარღვევაა

ისრაელმა რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის რუსეთისთვის უკან დახევის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესაძლებლობა. 

"რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საერთაშორისო წესრიგის მძიმე დარღვევაა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მშვიდობიანად გადავჭრათ უთანხმოება მსოფლიო ძალების შუამავლობით. ისრაელს აქვს ხანგრძლივი, ღრმა და კარგი ურთიერთობა როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. ორივე ქვეყანაში ათიათასობით ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს, ორივე ქვეყანაში ასიათასობით ებრაელია და მათი უსაფრთხოების დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია". – თქვა ლაპიდმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები