საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლებენს TWITTER-ზე ეხმაურება.
"ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ".- წერს ზურაბიშვილი.
საქართველოს მთავრობა დუმს. მმართველი გუნდიდან, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილმა twitter-ზე უკრაიანს მხარდაჭერა გამოუცხადა და საერთაშორისო საზოგადოებას "კიდევ ერთხელ" მოუწოდა ეფექტური და მყარი ნაბიჯების გადადგმისკენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





