მმართველი გუნდიდან, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილმა twitter-ზე უკრაიანს მხარდაჭერა გამოუცხადა და საერთაშორისო საზოგადოებას "კიდევ ერთხელ" მოუწოდა ეფექტური და მყარი ნაბიჯების გადადგმისკენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. ამ დრომდე პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, ქართული ოცნებიდან კომენტარი მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით არცერთ ლიდერს გაუკეთებია.
"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის არიდება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან ეფექტური და მყარი ნაბიჯები, რათა შეაჩერონ რუსეთი, რომ არ გადაიზარდოს ქმედებები სრულმასშტაბიან კონფლიქტში და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ მძიმე დროს". – წერს twitter-ზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





