საქართველოს მთავრობას, ამ დრომდე, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას კვლავ არ გამოხმაურებია საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჯერჯერობით, დუმს ყველა მინისტრი.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს: "როდის იყო გპასუხობდით", – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულას ჟურნალისტის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დასმულ კითხვას.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.
ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.





