უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

რუსეთის საგარეო: დსრ-ს და ლსრ-ს ვაღიარებთ იმ საზღვრებში, რომლებშიც იურისდიქცია აქვთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს აღიარებენ იმ საზღვრებში, რომლებშიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობების იურისდიქცია ვრცელდება.

აქამდე, დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადებას, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში გეგმავდნენ. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები