უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

ერდოღანი პუტინს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაბიჯებს არ ვცნობთ

ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება განიხილეს. ინფორმაციას რია ნოვოსტი კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს

პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა საკითხზე მოსაზრებები გაცვალეს და ვლადიმირ პუტინმა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა, ერდოღანმა კი "მისი კარგად ცნობილი მოსაზრება" გააცნო, რომ ანკარა არ ცნობს ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ - მისივე თქმით, ეს პრინციპული პოზიციაა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მიღწეული იყოს შეთანხმება მინსკის შეთანხმებაზე დაყრდნობით.  

ერდოღანის თქმით, პრობლემების გართულება და მით უფრო სამხედრო კონფლიქტი მომგებიანი არავისთვის არ არის.  

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე.   

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები