რუსული რეჟიმი

ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მიმართ პროკურატურა 5 000-ლარიან საპატიმრო გირაოს მოითხოვს

პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - წერს POG.


ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან 22 ივლისს დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს - "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!"

თავდამსხმელები ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის.

შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც მათი განცხადებით, "დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა".

ოქრიაშვილზე თავდამსხმელმა ნიკო ხურცილავამ 23 ივლისს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, "მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამვლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით."

დღეს, ივანიშვილის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, "მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!"

კომენტარები