დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დუმის დეპუტატი: დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღიარებას ვგეგმავთ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გეგმავს.

"დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ჩემი აზრით, დადგენილებაში სიტყვა სახელმწიფოებრიობა დაფუძნებულია ძველ და ერთადერთ ჭეშმარიტ რეფერენდუმზე". - ამბობს კალაშნიკოვი.

ამასთან, კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ვერ აკონტროლებენ ადმინისტრაციული ტერიტორიების დიდ ნაწილს, მათ დამოუკიდებლობა სწორედ ამ საზღვრებში სურთ.

"როგორ აღდგება ეს საზღვრები ამ დადგენილებაში გათვალისწინებული არ არის. რას გააკეთებენ ამისთვის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები – ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შედის". - თქვა კალაშნიკოვმა.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები