დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

LUFTHANSA კიევის და ოდესის მიმართულებით რეისებს თებერვლის ბოლომდე აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინაში დაძაბული მდგომარეობის გამო კიევის და ოდესას მიმართულებით 21-28 თებერვლის პერიოდში რეისებს აუქმებს.

"Lufthansa მუდმივად აკვირდება მდგომარეობას და შემდგომ ფრენებზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია აგრძელებს ფრენებს ლვოვის მიმართულებით.

სანქციების პოლიტიკაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი მაკეევმა Twitter-ზე დაწერა, რომ სურდა კომპანიისგან გადაწყვეტილების მიზეზი მოესმინა.

"კარგი იქნებოდა, თქვენს განმარტებაში ყოფილიყო სიტყვები "უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე". მოსკოვის მიმართულებითაც შეამცირებთ რეისებს?" - წერს მაკეევი.

გასულ კვირას უკრაინაში ფრენები გააუქმა ნიდერლანდურმა კომპანიამ KLM-მა. British Airways-მა მიიღო გადაწყვეტილება, არ ეფრინა უკრაინის საჰაერო სივრცეში.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. 18 თებერვალსვე უკრაინის ოკუპირებულ ტერიორიებზე დონეცკსა და ლუგანსკში  მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები