დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის თავდაცვა: რუსეთი სამოქალაქო ობიექტების აფეთქებასა და ჩვენს დადანაშაულებას აპირებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ დონეცკში რუსული სპეცსამსახურები რამდენიმე სამოქალაქო ობიექტის აფეთქებასა და ამაში უკრაინის დადანაშაულებას აპირებენ. უწყება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დანაღმეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი მათი შემდგომი აფეთქების მიზნით. ეს მოქმედებები მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმაში უკრაინის დადანაშაულების საფუძველს ქმნის. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით". – ნათქვამია განცხადებაში.

დონეცკსა და ლუგანსკში მარიონეტმა ლიდერებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს და მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისკენ მოუწოდეს.

დონეცკის მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები