დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია ლუგანსკშიც გამოცხადდა

ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისკენ მოუწოდა.

"სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის არიდების მიზნით მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მობილიზაციის ბრძანება და არ არიან ჩართული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში, გაემგზავრონ რუსეთის ფედერაციაში რაც შეიძლება მალე". – თქვა პასეჩნიკმა.

18 თებერვლიდან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა დონეცკელი პრორუსი სეპარატისტების მარიონეტულმა ლიდერმა, დენის პუშილინმაც.

მარიონეტი ლიდერის ბრალდებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს იყრიან ოკუპირებული დონბასის შემოგარენში და მზად არიან თავდასხმისთვის. აქამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდასხმას არ აპირებენ.

დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები 18 თებერვალსაც გაგრძელდა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.

პარალელურად, უკრაინის საზღვრებთან კვლავ განლაგებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები