კრიპტოვალუტა

აშშ-ს მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის, BINANCE-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ [SEC] მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის, Binance-ის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარეგულირებელი კომისია Binance-ის ამერიკულ ფილიალსა და ორ სავაჭრო ფირმას შორის არსებულ შესაძლო კავშირებს იკვლევს, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ Sigma Chain AG და Merit Peak Ltd არალეგალური პირობებით და უპირატესობებით სარგებლობდნენ, რასაც, სავარაუდოდ, ხელს უწყობდა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო. 

კომპანიის წარმომადგენლები ჟაოსა და აღნიშნულ ფირმებს შორის არსებულ კავშირებს უარყოფენ და არალეგალურ შეთანხმებაში Binance-ის ჩართულობას კატეგორიულად გამორიცხავენ. 

საგულისხმოა, რომ არალეგალური ტრანზაქციების განხორციელებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაიწყეს.

Binance-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის ტრანზაქციებს ახორციელებს. 

ივნისში გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Binance-ი აკრძალა, რაც კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის არქონით იყო განპირობებული. 

"Binance Markets Limited-ს არ აქვს უფლება რეგულირებადი საქმიანობა განახორციელოს დიდ ბრიტანეთში. Binance Group-ის არცერთ შვილობილ კომპანიას არ აქვს ბრიტანეთში საქმიანობისთვის საჭირო ავტორიზაცია ან ლიცენზია". – განმარტავს FCA.

ჩინეთიდან გაძევების შემდეგ Binance Group-მა სათავო ოფისი კაიმანის კუნძულებზე გადაიტანა, თავად ჯგუფი კი რამდენიმე მცირე კომპანიად დაიყო, მათი ოფისები კი სხვადასხვა ქვეყნებშია გადანაწილებული.

აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი თითქმის შეუძლებელს ხდის კომპანიის დარეგულირებას და მისი საქმიანობის გადამოწმებას, სწორედ ამიტომ, აშშ-მ 2019 წელს Binance.com აკრძალა.

აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით, ორგანიზაციამ ახალი შვილობილი კომპანია დააარსა - BinanceUS, რომელსაც სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს და რომელიც ამერიკული კანონმდებლობითაა დარეგულირებული.

კომენტარები