კრიპტოვალუტა

დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა, BINANCE-ი აკრძალა

ფოტო: Cointelegraph.com

გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ [FCA] მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟა, Binance-ი აკრძალა.

Binance-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის ტრანზაქციებს ახორციელებს.

BBC-ის ცნობით, Binance-ს აეკრძალა ბრიტანეთში ყველანაირი სახის საქმიანობა.

"Binance Markets Limited-ს არ აქვს უფლება რეგულირებადი საქმიანობა განახორციელოს დიდ ბრიტანეთში. Binance Group-ის არცერთ შვილობილ კომპანიას არ აქვს ბრიტანეთში საქმიანობისთვის საჭირო ავტორიზაცია ან ლიცენზია". – განმარტავს FCA.

ჩინეთიდან გაძევების შემდეგ Binance Group-მა სათავო ოფისი კაიმანის კუნძულებზე გადაიტანა, თავად ჯგუფი კი რამდენიმე მცირე კომპანიად დაიყო, მათი ოფისები კი სხვადასხვა ქვეყნებშია გადანაწილებული.

აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი თითქმის შეუძლებელს ხდის კომპანიის დარეგულირებას და მისი საქმიანობის გადამოწმებას, სწორედ ამიტომ, აშშ-მ 2019 წელს Binance.com აკრძალა.

აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით, ორგანიზაციამ ახალი შვილობილი კომპანია დააარსა - BinanceUS, რომელსაც სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს და რომელიც ამერიკული კანონმდებლობითაა დარეგულირებული.

სავარაუდოდ, კომპანია გაერთიანებულ სამეფოსთანაც მსგავს მიდგომას აირჩევს და ახალ შვილობილ კომპანიას დააარსებს, რომელსაც სათავო ოფისი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში ექნება, BinanceUS-ის მსგავსად.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, Binance Markets Limited ცალკეული ორგანოა, რომელიც არანაირ სერვისებს და პროდუქტებს არ აწვდის Binance.com-ს და მათ შორის პირდაპირი კავშირი არ არის. 

"ჩვენ ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმორჩილების ვალდებულებებს ძალზედ სერიოზულად ვიღებთ. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს ამ ახალ სივრცეში პოლიტიკის, წესებისა და კანონების ცვლილებებს". – წერია Binance-ის ოფიციალურ გვერდზე. 

კომენტარები