კრიპტოვალუტა

პაპუნა ლეჟავა: ქართული რეგულაციები მხოლოდ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებს, საფულეებს შეეხება

კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირების მიმართულებით გარკვეული მონახაზი, ე.წ. დრაფტი უკვე გვაქვს. ამ პროექტის დეტალების შესახებ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს პარტნიორთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შეგვეძლება დაინტერესებულ მხარეებთან და კერძო სექტორთან ერთად დავიწყოთ საჯარო განხილვები. 

რაც შეეხება რეგულაციების მასშტაბს, ის მოიცავს კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებს და კრიპტოვალუტის შემნახველ კომპანიებს, ე.წ. ელექტრონულ საფულეებს. ეს რეგულაცია არ შეეხება მაინერებს. 

პირველ რიგში, რეგისტრაციისას მოვითხოვთ ინფორმაციას ფულის წარმომავლობის შესახებ და ნასამართლობის ცნობას. ლიცენზიის აღების შემდეგ, ეს კომპანიები [ბირჟები] ვალდებულნი იქნებიან ფინანსური მონიტორინგის სერვისშიც დარეგისტრირდნენ და აგზავნონ პერიოდული რეპორტინგი. 

ნებისმიერი ტრანზაქცია და მომხმარებელი უნდა იქნეს იდენტიფიცირებული. იდენტიფიცირების შემდეგ, უნდა მოხდეს კლიენტების ტრანზაქციების მონიტორინგი სავაჭრო პლატფორმების მიერ. მომხმარებლებს უნდა მიენიჭოთ რისკის სხვადასხვა კლასიფიკაცია, მაღალი რისკის იდენტიფიცირების შემთხვევაში, გამოკვლეული უნდა იქნეს ფულის წარმომავლობა.

კანონპროექტის მიღება, სავარაუდოდ, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. 
ბაზრის დიდი ნაწილი, კერძოდ, მსხვილი სავაჭრო პლატფორმები უკვე აკმაყოფილებენ კანონპროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ისინი მზად არიან რეგულაციების მიღებისთვის.   

თქვა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ბიზნეს ფორმულას ეთერში.

კომენტარები