კრიპტოვალუტა

პუტინი მხარს უჭერს კრიპტოვალუტას და რუსეთში ბიტკოინის მაინინგის განვითარებას – Bloomberg

ვლადიმირ პუტინი

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მხარს უჭერს კრიპტოვალუტას და რუსეთში მაინინგ ინდუსტრიის განვითარებას. Bloomberg-ის ინფორმაციით, პუტინი არ იზიარებს ცენტრალური ბანკის ინიციატივას კრიპტოვალუტის გამოყენებისა და მაინინგის სრული აკრძალვის შესახებ და ის მხარს უჭერს მთავრობის ინიციატივას, რომელიც კრიპტოინდუსტრიაზე რეგულაციებისა და გარკვეული გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგში რუსეთი ერთ-ერთი მოწინავეა და მსოფლიო რეიტინგში ის ამჟამად მესამე ადგილს იკავებს, მას მხოლოდ აშშ და ყზახეთი უსწრებენ. რუსი კანონმდებლების ვარაუდით, გადასახადების დაწესებით სახელმწიფო იმაზე მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე ამას მაინინგის სრული აკრძალვით მიიღებდა. 

პუტინის თქმით, რუსეთს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაინინგში გარკვეული კონკურენტული უპირატესობები აქვს, რაც ქვეყნაში ჭარბი ელექტროენერგიის წარმოებას და მაღალი კვალიფიკაციის მქონდე მუშახელის არსების უკავშირდება. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კრიპტოვალუტა პოტენციურ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობას და მოქალაქეების კეთილდღეობას. ქვეყანაში მაინერების რაოდენობის ზრდა კი ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას და ენერგოქსელის გადატვირთვას იწვევს. 

"ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვაა". – წერია ბანკის ანგარიშში.  

განმარტებით დოკუმენტში აკრძალვის მთავარ მიზეზებად კრიპტოვალუტის საშუალებით ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობები სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვის პირდაპირი მეთოდი არ არსებობს, რაც დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისა და მაინინგის შემზღუდავი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის.   

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის დარეგულირების გზას არიჩევს და არა სრული აკრძალვის.

კომენტარები