ევროპული საქართველო

ბოკერია: ოცნება სარგებლობს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ დაშვებული შეცდომებით

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"სანამ არ იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეანჯღრევს ივანიშვილის გარემოცვას და ივანიშვილს, იქამდე, ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ მუდმივად ძალის დემონსტრირება, ამაში ხედავენ თავიანთ შემდგომი ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტს" - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილს და ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, "იმის მიუხედავად, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურად მიმაჩნია, რა საბაბითაც შეუწყვიტეს და როგორც შეუწყვიტეს ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება, არის ანტიკონსტიტუციური და კოდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, რომ მათ კანონის უზენაესობა არ აინტერესებთ". მან შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტაზე აღნიშნა, რომ "თუ დეპუტატი არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას სრულფასოვნად, შეიძლება ხელფასი შეუმცირო ან არ მისცე საერთოდ, მაგრამ პოლიტიკური ბოიკოტის გამო ხალხის ნების ფეხებზე დაკიდება და პარლამენტიდან გარიცხვა, თითქოს მშობელია და მოსწავლეს სჯი, არის ოცნების სტილი".

გიგა ბოკერიას თქმითვე, ხელისუფლება "სარგებლობს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ დაშვებული შეცდომებით". მისი შეფასებით, ეს არის მაგალითი, როგორი მძიმე შედეგით მთავრდება ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებისას არათანმიმდევრულობა.

"არც თუ ისე დიდი ხნის წინ ქართულ ოცნებას ისეთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა ბოიკოტის გამო, რომ [ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას] არ უწყვეტდა უფლებამოსილებას ძალიან დიდ ხანს, წელავდა ამას, რადგან სერიოზული პრობლემა იყო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ოპოზიციის კრიტიკული ნაწილი არ შედიოდა პარლამენტში. მაგრამ შემდეგ იქნა დაშვებული ფუნდამენტური შეცდომა, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლის, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მიერ, ეს გარდატეხა მოხდა, ეს პრობლემა მოეხსნათ და ახლა შეუძლიათ, მოიქცნენ უტიფრად, კონსტიტუციის დარღვევით" - აღნიშნა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მისი პარტია აპირებს, მოქალაქეებს აჩვენოს მაგალითი, რომ ოპოზიციაში არიან ის ძალები, ვის სიტყვასაც ფასი აქვს, ვისაც აქვს ლოგიკა და თანმიმდევრულობა.

"მოქალაქეებმაც გაკვეთილები უნდა გამოიტანონ აქედან, ვის შეიძლება ენდონ და ვის არა. თუ ეს პოლიტიკური ძალები გამოიტანენ დასკვნებს, ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სხვები, მხოლოდ მოხარული ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები არიან, ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში უზარმაზარი საფრთხის, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ, ჯერჯერობით, მათი საჯარო მოქმედებებიდან ამის წინაპირობებს ვერ ვხედავ" - ამბობს ბოკერია.


საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. თქვენ იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი.ორ შემთხვევაში [ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი] საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია [ბადრი ჯაფარიძე] სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამეტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალიდენლი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები