დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ავსტრია ევროკავშირის სანქციების პაკეტში ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესვლას ეწინააღმდეგება

Maxim Shemetov / Reuters

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექს შალენბერგის თქმით, ავსტრია ეწინააღმდეგება გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დამატებას სანქციების იმ პაკეტში, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ გეგმავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეთანხმება გაზსადენის სანქცირებას, ვენა მზადაა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის კონსენსუს. 

ავსტრიული ნავთობკომპანია OMV (OMVV.VI)  გაზპრომის პროექტში ჩრდილოეთის ნაკადი 2 ერთ-ერთი პარტნიორი. OMV-ის 31.5%-ს ავსტრიის მთავრობა ფლობს. 

"ეჭვგარეშეა, რომ თუ იქნება სამხედრო აგრესია, უნდა იყოს მკაფიო, ერთიანი და ძლიერი პასუხი დასავლეთისგან". -  აღნიშნა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დაუწესოს ეკონომიკური სანქციები, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმებაზე. სანქციათა ამოქმედებისთვის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. 

7 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი შეჩერდება.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულიაგაზპრომის პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. 


დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები