დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხვდება გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში
REUTERS/Leah Millis

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი შეჩერდება.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარები ისევ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება ჩრდილოეთის ნაკადი 2". - თქვა პრეზიდენტმა. 

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, , რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში როგორ აპირებს შეაჩეროს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაშვების პროცესი.

"გპირდები, ჩვენ ამას შევძლებთ". - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ბაიდენმა. 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ამერიკისა და გერმანიის პოზიცია უკრაინასთან, სანქციებთან და რუსეთთან მიმართებით საერთოა. თუმცა კანცლერს არ აღუნიშნავს გაზსადენთან დაკავშირებული გეგმები. 

"ჩვენ ვიქნებით ერთიანი. ვიმოქმედებთ ერთად და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას".- თქვა შოლცმა. 

ოლაფ შოლცი უკრაინაში 14 თებერვალს ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მომდევნო დღეს, 15 თებერვალს შოლცი რუსეთში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

ბალტიის ზღვაში გამავალი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეჩერებულია.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც აქამდე ევროპაში ბუნებრივი აირის იმპორტიორი ერთ-ერთი მთავარი გაზსადენი გადიოდა. ამას გარდა, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი აჩენს შიშებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები და განსაკუთრებით გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულები გახდებიან.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები