კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის დარეგულირებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. რეგულაციები ფულის გათეთრების მიმართულებით დაწესდება, რაც, ძირითადად, სავაჭრო პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. 

"კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML [Anti-Money Laundering], ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება. რეალურად, დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა, აშშ-მ უკვე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის დარეგულირება. 

ჩვენც ვმუშაობთ, რომ მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით დარეგულირდეს ბაზარი, რაც, შეიძლება, შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პირიქით, ზოგიერთ მოთამაშეს მიეცეს მეტი სითამამე, რადგან ფულის გათეთრების კუთხით კითხვები ნაკლებად იქნება და გარკვეული სტანდარტი დაწესდება და უფრო თამამად შეიძლება მოხდეს კრიპტოვალუტების განვითარება". – თქვა ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ საქმიანი დილის ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირების არაერთი წარმატებული და წარუმატებელი მაგალითი არსებობს. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე ეფექტური გზა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟების დარეგულირებაა. 

აშშ-ს კანონმდებლობით, სავაჭრო ბირჟა [Binance, Coinbase] ვალდებულია, რომ აღრიცხოს სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები და შეინახოს ინფორმაცია მათი ვინაობის, ტრანზაქციების ისტორიისა და ბირჟაზე განხორციელებული აქტივობების შესახებ. 

მოთხოვნის შემთხვევაში, სავაჭრო ბირჟა ვალდებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაუზიაროს შესაბამის ორგანოებს, მაგალითად: ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიას, ფედერალურ რეზერვს ან საშემოსავლო სამსახურს.

უშუალოდ კრიპტოაქტივებზე, მაგალითად: ბიტკოინსა და ეთერიუმზე დაწესებული რეგულაციების გამოცდილება აჩვენებს, რომ სახელმწიფო ორგანოები კანონის აღსრულებას ვერ ახერხებენ და რეგულაციები დასახულ მიზანს ვერ აღწევენ. 

რამდენად ფართო იქნება ქართული რეგულატორული ჩარჩო და ზუსტად რა შეზღუდვებს დააწესებს ეროვნული ბანკი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები