დევნილები

ომბუდსმენი დევნილებზე: პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან განსახლებას უნდა მიენიჭოს

ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის ოფისი

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს სანატორიუმ ქართლის შენობაში დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო. ომბუდსმენი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულათა სისტემის  საფუძველზე ხდება, თუმცა, გამონაკლისია საექსპერტო დასკვნით დადასტურებულ ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლება პრიორიტეტულად, ქულათა სისტემის გათვალისწინების გარეშე არის შესაძლებელი.

"აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მსგავს პირობებში ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. ჩვენ ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შენობების მდგრადობას საკუთარი ინიციატივით არ ამოწმებს, რის გამოც  მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს. 

სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ გასულ წლებში შეისწავლა ყოფილი სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინა, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე (შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე). შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა. 

ამ ეტაპზე ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ დევნილებს მიღებული აქვთ ადმინისტრაციული დაპირება გრძელვადიანი საცხოვრებლით პირველივე შესაძლებლობისთანავე დაკმაყოფილების თაობაზე. ბოლო პერიოდში შენობის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა, რამაც მდგომარეობა გააუარესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მიზნით საპროტესტო აქციების გამართვისკენ უბიძგა. ამ გარემოებას უკავშირებენ ისინი დევნილის თვითმკვლელობის ფაქტსაც. 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის რამდენიმე შესაძლებლობა შესთავაზეს: დროებით ქირით უზრუნველყოფა (ადგილობრივ გამგეობასთან ერთად), დევნილის მიერ მოძიებული საცხოვრებლის შესყიდვა (1 მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება დედაქალაქში შეადგენს 550 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ბინის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება) ან სახელმწიფოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის პროცესისათვის დაცდა. დევნილები შეთავაზებებს არ ეთანხმებიან, მათ შორის, უნდობლობას უცხადებენ გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოფის ალტერნატივას. კერძოდ, შიშობენ, რომ ქირით უზრუნველყოფა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეწყდება.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს - ყოფილი სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ინდივიდუალურად მიეწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია შეთავაზებებისა და მათი შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ. ასევე, მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტიდან დევნილი პირების შემჭიდროებულ ვადებში განსახლების მიზნით და დევნილთა მხრიდან პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, დევნილის მიერ  გრძელვადიან განსახლებამდე ქირის ალტერნატივის არჩევის შემთხვევაში, გასცეს ადმინისტრაციული დაპირება საცხოვრებლის გადაცემამდე/შეძენამდე ოჯახების ქირით უწყვეტად უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. 

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დევნილთა განსახლების პროცესში მაქსიმალურად მიანიჭოს პრიორიტეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებას, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნეს აცილებული" - ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, ისინი ავარიულ შენობას წლებია, აპროტესტებენ და 53 წლის კაცმა თავი სწორედ ამის გამო მოიკლა. 

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

კომენტარები