შვედეთი

NATO-რუსეთის დაძაბულობის გამო, შვედეთი კუნძულ გოტლანდზე პატრულირებას აძლიერებს

შვედი სამხედროები კუნძულ გოტლანდზე

შვედეთის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინის გარშემო NATO-რუსეთის დაძაბულობის გამო, ბალტიის ზღვაში, კუნძულ გოტლანდზე ხილულ სამხედრო აქტიურობას დაიწყებენ. 

"დღეიდან გავუშვებთ პატრულებს, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში შენიშნავთ, მათ შორის [ქალაქ] ვისბიშიც", – თქვა გოტლანდის სამხედრო პოლკის სპიკერმა. 

გოტლანდი შვედეთის ყველაზე დიდი კუნძულია. ის ბალტიის ზღვაში მდებარეობს და გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა. გოტლანდი კალინინგრადიდან, სადაც რუსეთის ბალტიის ფლოტი იმყოფება, 330 კილომეტრითაა დაშორებული. 2019 წელს შვედეთმა კუნძულზე განათავსა მიწა-ჰაერის ტიპის განახლებული სარაკეტო სისტემები. 

შვედეთი, რომელიც არაა NATO-ს წევრი, თუმცა მასთან ახლო პარტნიორობა აკავშირებს, ბოლო ხანებში, ბალტიისპირეთში რუსული საფრთხის შექმნის გამო, საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობს. ბოლო წლებში სტოკჰოლმში არაერთხელ იუწყებოდნენ ინციდენტებზე, რომლებშიც რუსული თვითმფრინავები მონაწილეობდნენ და არღვევდნენ მათ საჰაერო სივრცეს.

ბოლო ხანებში შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობაზე საუბარი განაახლეს, თუმცა NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნისგან ქვეყნები ჯერჯერობით შორს დგანან.

გასულ დღეებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ  Foreign Affairs-თან თქვა: "რუსეთზე არ უნდა იყოს დამოკიდებული NATO-ში შევალთ თუ არა".

აქამდე, საახალწლო მიმართვაში მსგავსი შინაარსის სიტყვები თქვა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემაც.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. დასავლეთი რუსეთს უპრეცედენტო სანქციებით ემუქრება.

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები