საპროტესტო აქციები ყაზახეთში

თოყაევი: ქალაქ ალმათისთან ბრძოლა მიდის, ებრძვიან საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქალაქ ალმათისთან ბრძოლა მიდის.

"ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამჟამად ალმათისა და სხვა ქალაქებში მძვინვარებენ. იკავებენ ინფრასტრუქტურულ შენობებს, და რაც მთავარია, იკავებენ შენობებს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი ინახება. სასწავლებლების იუნკერებს ებრძვიან. ამჟამად ალმათისთან საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს ებრძვიან", – თქვა თოყაევმა. 

ყაზახეთში მიმდინარეობს "ანტიტერორისტული ოპერაცია", სამართალდამცველებმა შეძლეს ალმათის აეროპორტზე კონტროლის აღდგენა. 

თოყაევმა სიტუაციის გასამკლავებლად დახმარება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას სთხოვა.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ყაზახეთის ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტებს ბარდებიან, ზოგიც კი მათ მხარეს გადადის. ბოლო ინფორმაციით მოვლენებს ემსხვერპლა 8 სამართალდამცველი, 317 კი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები საპირისპირო მხარეს.

თოყაევი დემონსტრანტებს ტერორისტებს უწოდებს და დახმარებას კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვს.

კომენტარები