საპროტესტო აქციები ყაზახეთში

აბლიაზოვი: გეგმა შევიმუშავე, რეჟიმს შევცვლით, ყაზახეთში დაბრუნებას ვაპირებ

მუხთარ აბლიაზოვი

ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან საუბარში თქვა, რომ მას რეჟიმის შეცვლის გეგმა აქვს და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

"ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, ჩვენ რეჟიმის შეცვლას მივაღწევთ. მე ჩამოვფრინდები და ყაზახეთის დროებით მთავრობას ნახევარი წლით ვუხელმძღვანელებ. ამის შემდეგ არჩევნები გამოცხადდება. თუ ჩვენი პარტია ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ მე ლეგიტიმური პრემიერმინისტრი გავხდები. პრეზიდენტის მოვალეობა არ იქნება. ამ მოვალეობას გავაუქმებთ", – თქვა აბლიაზოვმა რუსულ მედიასთან. 

საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები აბლიაზოვის თქმით, მან საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუ ლოდინს გააგრძელებენ, ცენტრალურ აზიაში ავღანეთზე დიდი არეულობა დაიწყება. 

აბლიაზოვმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ ის ყაზახეთში იანვარში მიმდინარე აქციებს არ აფინანსებდა. მისი თქმით, მან დემონსტრანტებს მხოლოდ პროტესტის გაფართოებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა.

აბლიაზოვის თქმით, ის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებს. 

"ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, ორგანიზებას გავუწევთ მშვიდობიან პროტესტებს, ხალხის მობილიზაციას მოვახდენთ... არა ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, არამედ მშვიდობიანი გზებით, დიახ, იმ გზებით, რომელთაც რეგულარულად ვაჟღერებ", – თქვა აბლიაზოვმა. 

ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს აბლიაზოვმა Reuters-თან თქვა, რომ ის თავს დემონსტრანტების ლიდერად მიიჩნევდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

"ჩემს თავს ოპოზიციის ლიდერად აღვიქვამ. დემონსტრანტები ყოველ დღე მირეკავენ და მეკითხებიან: რა უნდა გავაკეთოთ? აი, აქ ვდგავართ, რა გავაკეთოთ?... მე უბრალოდ არ დავბრუნდები – ხახლი მეკითხება თუ როდის დავბრუნდები და მემდურებიან პროტესტის გასაძღოლად რომ არ ვბრუნდები. მაგრამ ხალხს არ ესმის რა რთულია ჩემთვის დაბრუნება, როცა რუსეთს ჩემთვის 15 წელი, ყაზახეთს კი სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი", – ამბობდა აბლიაზოვი Reuters-თან.

აბლიაზოვი ყაზახეთის ზოგიერთ ქალაქში შეიარაღებული პირების გამოჩენასა და მაღაზიების ძარცვებს პროვოკატორ ძალებს მიაწერს. 

აბლიაზოვს ყაზახეთში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს თაღლითობის, მითვისებისა და მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით. ბრალი წაყენებული აქვს რუსეთშიც. ის დღეს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. საკუთარ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 1998-1999 წლებში იკავებდა. მას ბრალს სდებდნენ 2016 და 2019 წლის ყაზახეთის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებული სპეკულაციებით, მშვიდობიანი დემონსტრაციების შემდეგ დაწყებული დიდი არეულობა და შეიარაღებული პირების გამოჩენა შიდა პოლიტიკური ბრძოლის შედეგი იყო და ერთმანეთთან პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი და პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ახლო წრე ძალაუფლების გამო იყო დაპირისპირებული.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აყთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა და დემონსტრაციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

5 იანვარს მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

10 იანვარს უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლის ქვეშაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე – დემონსტრანტები. არსებული ინფორმაციით, მოვლენებს ორივე მხარეს 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელ ქვეყანაში სანაგნებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს დემონსტრანტებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეეძლოთ.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. როგორც ყაზახეთში იუწყებიან, მთავრობის მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია.

სახელმწიფო ღალატისა და ძალაუფლების ძალით მიტაცების ბრალდებით დააკავეს ყაზახეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პირველი პრეზიდენტი ნურსულთანნაზარბაევის ნდობით აღჭურვილი კარიმ მასიმოვი და მისი ორი მოადგილე. ენერგეტიკის სექტორში მაღალი თანამდებობები დატოვეს ნაზარბაევის ოჯახის წევრებმა.

ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით, არსებობდა ვარაუდები, რომ ქალაქ ალმათიში არეულობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის ძალაუფლებისთვის დაპირისპირებას მოჰყვა და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ექსპრეზიდენტი ნაზარბაევის წრის წარმომადგენლები. ვრცლად ყაზახეთის მოვლენებისა და არსებული სპეკულაციების შესახებ წაიკითხეთ აქ – არეულობა ყაზახეთში – ფერადი რევოლუციის მცდელობა თუ სამეფო კარის თამაშები ყაზახურად.

კომენტარები