საპროტესტო აქციები ყაზახეთში

სოც. მედია: ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ზოგიერთი წევრი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა [VIDEO]

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ყაზახეთში სამართალდამცველები და ასევე ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტების მხარეს გადადიან. 

ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანან ეროვნული გვარდიის БТР-ზე მსხდომი სამხედროები, რომლებსაც დემონსტრანტები ტაშს უკრავენ.

კიდევ რამდენიმე ვიდეოჩანაწერში ჩანან ეროვნული გვარდიის, ზოგში კი პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც დემონსტრანტებს ჩაბარებულები და განიარაღებულები არიან. 

ასევე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეოს მიხედვით, ქალაქ ატირაუში დემონსტრანტების მხარეს გადავიდა პოლიციის სადგურის მთელი კორპუსი.

აქამდე, რამდენიმე საათით ადრე გავრცელებული იყო ვიდეორგოლი, რომელშიც დემონსტრანტებთან ერთად სპეცდანიშნულების რაზმის უნიფორმებში გამოწყობილი პირები ჩანდნენ. სოციალურ ქსლებში ვარაუდობდნენ, ამ კადრებში ეს პირები იყვნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს სპეცრაზმის აღჭურვილობა. ჩანაწერში მათ სპეციალური დანიშნულების რაზმები უმოქმედოდ უყურებენ.

პარალელურად, ზოგიერთ ქალაქში გრძლდება შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, შეტაკებებში გარდაიცვალა რამდენიმე სამართალდაცველი და რამდენიმეც დაიჭრა. 


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა. დედაქალაქ ნურ-სულთანში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

კომენტარები