სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

დროა: პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს

დროა

პარტია დროა ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ამერიკის საელჩოს შესახებ და წერს, რომ მსგავსი რიტორიკა რუსული სტილის "სუვერენული დემოკრატიის" მოდელს ჰგავს.

დროა ხაზს უსვამს იმას, რომ ქართული ოცნების ასეთ დამოკიდებულებას პარტნიორების მიმართ იმაზე დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვაა.

"მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა:

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობაზე რუსეთის დე-ფაქტო ვეტოს  დაძლევა და ალიანსში გაწევრიანებისთვის ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რუსეთს “გადამწყვეტი პასუხი” გასცეს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში და შეასრულოს ნატოს მე-5, ანუ კოლექტიური თავდაცვის პირობა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. მოკავშირეებმა ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატეს ლიეტუვის მიმართ, რომელიც ამჟამად ჩინური ემბარგოს ქვეშ იმყოფება;

ფინეთი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში თავს იკავებდა ნატოს წევრობისაგან, რუსეთის მხრიდან გაცხადებული მუქარების გამო ახლა უკვე განიხილავს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროპა უკრაინის ირგვლივ ერთიანი უნდა იყოს;

უკრაინელი სამხედროები პერიოდულად იღუპებიან პრორუს სეპარატისტებთან შეტაკებებში. უკანასკნელი შემთხვევა სამი დღის წინ, ახალ წელს დაფიქსირდა. ეს ყოველივე ძალიან ჰგავს რუსეთის ქმედებებს საქართველოში უშუალოდ 2008 წლის ომამდე;

დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი - მოწინააღმდეგეებად", - წერია პარტიის განცხადებაში.

დროა ასევე წერს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება გეგმაზომიერი ნაწილი იყო გეოპოლოტიკური ტენდენციებიდან საქართველოს ჩამოშორებისთვის.

"ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ.

პარტია დროა მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან
დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს. პარტია დროა პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი", - წერია განცხადებაში.

4 დეკემბერს, ქართული ოცნების თავმდჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე აშშ-ს საელჩოს განცხადება არასამართლიანია და მასში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა. მისივე თქმით, ასეთი განცხადებები არყევს ხალხის ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

აშშ-ის საელჩო პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების მესამე მოსმენით მხარდაჭერას და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. საელჩოს თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის განგარიშვალდებულებას, ასევე მიაყენა ზიანი ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობასა და კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.

კომენტარები